Tuesday, July 29, 2014

სწავლა თამაშით


რომელი თამაში შეიძლება გამოვიყენოთ მუსიკის სწავლების დროს

თამაშით შემეცნება ბავშვისთვის ბუნებრივი პროცესია, ამიტომ პედაგოგიკა მუდმივად იყენებს თამაშს როგორც სწავლების მეთოდს. უკანასკნელ ხანს ამ მიმართულებით დიდი გარღვევა მოხდა: ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტი - დიდი და მრავალფეროვანი სამყარო. თამაშები, რომლებსაც ინტერნეტში წააწყდებით, ძირითადად ორი ტიპისაა: გასართობი და შემეცნებითი. პირველი ტიპისა პედაგოგების კრიტიკის საგანია, ვინაიდან მათი უმეტესობა შეიცავს აგრესიულ კომპონენტს. მათ ხელმისაწვდომობასა და ფართო გავრცელებას ფსიქოლოგები საგანგაშოდ მიიჩნევენ. მეორე ტიპის, შემეცნებითი თამაშები კი სწორედ ის რესურსია, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება მივაწოდოთ მოზარდს და ამგვარად ავარიდოთ ფართოდ გავრცელებულ მდარე და სახიფათო პროდუქციას.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგობრივი თამაშები სასკოლო დისციპლინების მიხედვით. მათი სწორი შერჩევის შემთხვევაში მასწავლებელს ხელთ ექნება სერიოზული დამხმარე რესურსი სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.
პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, წერილში დაწვრილებით განვიხილავთ ამგვარი რესურსის, ჩვენი აზრით, ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს - სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის საბავშვო-საგანმანათლებლო ვებ-გვერდს - http://www.sfskids.org .

საიტს მარტივი სტრუქტურა აქვს და მასზე მოძრაობა ადვილია. მთავარ გვერდზე, სარჩევში, ტრადიციულთან ერთად (საიტის რუკა, ძიება, დახმარება და სხვ.) მოცემულია შემდეგი რუბრიკები:
. საორკესტრო საკრავები;
. მუსიკალური ლაბორატორია;
. რა ხდება სიმფონიურ მუსიკაში;
. რადიო.
თითოეული რუბრიკა დამოუკიდებელია და მასში შემავალი ქვეკომპონენტები თამაშის პრინციპითაა აგებული.
ვებგვერდის გახსნისთანავე საზეიმო განწყობილებას გვიქმნის მუსიკა (ლ. ბეთჰოვენი, V სიმფონია, IV ნაწილის მთავარი თემა), რომლის ფონზეც ჩარჩოში იხსნება თეატრალური ფარდა. ეს ანიმაციური ხერხი საორკესტრო საკრავების გაცნობის დროსაც არის გამოყენებული. ბმულ საორკესტრო საკრავების არჩევისას იხსნება ორკესტრის განლაგების სქემა. ამ სქემაზე ინსტრუმენტთა რომელიმე ჯგუფზე დაწკაპუნებით სცენაზე მისი განლაგების სივრცე მოინიშნება, რითაც ბავშვის მეხსიერებაში აღიბეჭდება სცენაზე ამ ჯგუფის განლაგება. თითოეული ჯგუფი - სიმებიანი, ხის ჩასაბერი, ლითონის ჩასაბერი, დასარტყამი, - თავის მხრივ, წარმოადგენს ცალკე ბმულს, რომელშიც გრაფიკული და ტექსტური ბმულების მეშვეობით მთელი ჯგუფია წარმოდგენილი. აქედან შესაძლებელია საკუთრივ საკრავებზე გასვლა, სადაც ნათლად და ლაკონურადაა აღწერილი თითოული მათგანი, მოცემულია მათი სოლო და ორკესტრში ჟღერადობის მაგალითები, ასევე - საკრავის გამოსახულება სხვადასხვა რაკურსით, დეტალების გამოყოფის შესაძლებლობით.



რუბრიკით მუსიკალური ლაბორატორია ბავშვებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის თამაშობაში ჩართვას, განსხვავებულ ინტერპრეტაციებს შორის არჩევანის გაკეთებას, რითაც სახალისო ფორმით, ძალდაუტანებლად, მარტივად აცნობენ მუსიკის თეორიის ძირეულ ცნებებს. თითოეულ ცნებას მოსწავლეები ჟღერადობით, გრაფიკულად, ანიმაციით ეცნობიან. მათ თან ახლავს ბავშვისთვის ადაპტირებული ტექსტიც.
მუსიკალურ ლაბორატორიაში მოცემული ბმულებია:



* მუსიკის თეორიის საფუძვლები, სადაც საინტერესო, სახალისო ფორმით გვაცნობენ მუსიკალური დამწერლობის საფუძვლებს - ხუთხაზიან სანოტო სისტემას, გასაღებებს, ზომას და ა. შ;
* ტემპი. აქ შეიძლება მოვისმინოთ მელოდია ძალიან ნელ, ნელ, საშუალო, ჩქარ, ძალიან ჩქარ ტემპში, რაც ანიმაციურადაც - მეტრონომის მოძრაობით და დასარტყამ ინსტრუმენტებზე შემსრულებლის აჩქარება-შენელებით - არის ილუსტრირებული.
* რიტმი. ამ ბმულის თანმხლებ ანიმაციაზე ტაქტი სახლია, ხოლო თითოეული თვლა - ოთახი. ბავშვი უსმენს "ოთახებში" განლაგებულ სხვადასხვა რიტმულ ნახაზს.
* ბგერის სიმაღლე. ხუთხაზიან სისტემაზე განლაგებული რვა ბგერის განსხვავებულ ჟღერადობას შესაბამისი ოქტავის ფარგლებში კლავიშებზე დაჭერით ვეცნობით. ავტორები თავს არიდებენ ინფორმაციით ბავშვის გადატვირთვას და ნიმუშად აძლევენ ფა ბგერათრიგს (და არა ფა-მაჟორს, რაც ალტერაციის ნიშნის გაჩენას გამოიწვევდა), რომელიც სანოტო სისტემაზე ჩაწერისას არ მოითხოვს დამატებით ხაზებს.



* ჰარმონია, სადაც მომხმარებელს ეძლევა მოკლე მელოდია და მისი ჰარმონიზაციის სამი ვარიანტი - ბედნიერი, სევდიანი, შიშისმომგვრელი. მასალა ისეა მიწოდებული, რომ მოსმენისას ბავშვი უნდა მიხვდეს - ერთი და იმავე მელოდიის ბედნიერი, სევდიანი და შიშისმომგვრელი ჟღერადობა ჰარმონიის ცვლილებით იქმნება. შთაბეჭდილების გასაძლიერებლად განწყობილების ცვლა ანიმაციურადაც გამოისახება. მაგალითად, შიშის განწყობილებას ამძაფრებს ღამე, ჭოტი და სიბნელეში მფრინავი ღამურები.
* სიმბოლოები, სადაც სანოტო ჩანაწერში ამა თუ იმ სიმბოლოს შეტანა მუსიკალური ფრაზის სხვადასხვაგვარად აჟღერებას იწვევს.




* ორკესტრობა, სადაც სამხმიანი მელოდიის თითოეული ხმა სხვადასხვა ტემბრით: I - ფლეიტა, II - ვიოლინო, III - ტუბა, - სრულდება. მომხმარებელი თვითონ ირჩევს, რომელ ხმას ან ხმათა რომელ კომბინაციას მოუსმინოს.
* მუსიკალური ნაწარმოების შესრულება, სადაც ვირტუალურ კლავიატურაზე დანომრილი და სხვადასხვაგვარად შეფერადებულია 10 ბგერა. რამდენიმე ცნობილი მელოდიის სანოტო ჩანაწერიც ამავე პრინციპითაა დანომრილი და გაფერადებული. მომხმარებელ-ბავშვს ამგვარი ჩანაწერი დაკვრაში დაეხმარება. იქვე ამ მელოდიასაც მოვისმენთ.
* მუსიკალური კომპოზიციის შექმნა, სადაც მომხმარებელმა რვა დამოუკიდებლად მოცემული ტაქტი სურვილისამებრ უნდა დაალაგოს, მოისმინოს და მათ შორის საუკეთესო აარჩიოს (ცხადია, ეს მელოდია იმგვარადაა შექმნილი, რომ ყველა თანამიმდევრობა მეტ-ნაკლებად მისაღები იყოს).
რუბრიკით რადიო ბავშვები გაეცნობიან პროფესიული მუსიკის მაღალმხატვრულ ნიმუშებს. რადიოს გამოსახულებას 6 ღილაკი - "ტალღა" - აქვს და თითოეულ მათგანზე 7 მუსიკალური ფრაგმენტია მოცემული. რეპერტუარი ფართოა: ი. ს. ბახის, ჯ. როსინის, ი. სტრავინსკის, ვ. ა. მოცარტის, ე. ელგარის, ა. კოპლენდის, პ. ჩაიკოვსკის, რ. შტრაუსის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებებიდან. თითოეული ფრაგმენტი 2-3 წუთის განმავლობაში ჟღერს.
რუბრიკა რა ხდება სიმფონიურ მუსიკაში სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის საკონცერტო აფიშას წარმოადგენს, სადაც მსმენელს სთავაზობენ:
* საოჯახო კონცერტების სერიას;
* საბავშვო კონცერტებს - პროგრამის, აუდიტორიის სავარაუდო ასაკის (საბავშვო ბაღის საფეხურების ჩათვლით) და კონცერტის ხანგრძლივობის მითითებით;
* ჩინურ ახალ წელს;
* მუდმივმოქმედ საკონცერტო პროგრამას - ს. პროკოფიევის "პეტია და მგელს", რომელიც საორკესტრო საკრავთა გაცნობის ქრესტომათიულ ნიმუშად ითვლება.
ვებგვერდი იძლევა მუსიკასთან დაკავშირებული თემატიკის ღია ბარათის გაგზავნის საშუალებასაც.
იქნებ ვინმეს ეხამუშოს საიტის მხატვრული გაფორმება, მაგრამ, ვფიქრობთ, მასაც ახალგაზრდობის მიზიდვის ფუნქცია აკისრია და წარმატებითაც ართმევს თავს პოპულარული საბავშვო სატელევიზიო არხის – JETIX-ის (jetixtv.com) სტილის განმეორებით.

მასწავლებელებს შეიძლება მივაწოდოთ სხვა სასარგებლო ბმულებიც:



ასეთი ვებრესურსი მრავლადაა სხვა სასკოლო, როგორც ჰუმანიტარული, ასევე საბუნებისმეტყველო დისციპლინებისთვისაც. მიგვაჩნია, რომ ეს სფერო, მიუხედავად იმისა, რომ ახალია, სერიოზულ ინსტრუმენტს წარმოადგენს სკოლის მასწავლებლების დასახმარებლად.


ავტორი: რუსუდან თაყაიშვილი
წყარო

0 comments:

Post a Comment

დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია